ანგარიშის მიხედვით, 2013-2014 წლებში უწყების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დახარჯულია 2 მილიონ ლარზე მეტი. ანგარიში უმეტესად ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება.
„საქონელი და მომსახურების“ მუხლის „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეულია 1,859.7 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 1,082.2 ათასი ლარის ხარჯი. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანგარიში უმეტესად ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება.
2013 წლის 2 იანვარს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 15.5 ათასი ლარი. წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და რაოდენობა.
ანალოგიურად, 2013 წლის 19 აპრილს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი 50 კაცზე, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 9.8 ათასი ლარი.. დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და ხარჯის გაწევის აუცილებლობა.
2013 წლის 1 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 22.9 ათასი ლარი. უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი. იმავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი ასევე აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9.7 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 45 პირზე. დაფიქსირებული არ არის თუ რამდენი იყო სტუმარი.
8 აგვისტოს იმავე რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი სომხეთიდან ვიზიტად მყოფი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9.6 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 40 პირზე. გაურკვეველია აქედან რამდენი იყო სტუმარი.
ანალოგიურად, 2013 წლის 9 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი ისევ აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 16.3 ათასი ლარი. ასევე უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






