საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, "ევროპულ პერსპექტივას ირაკლი ღარიბასვილი და მისი ბატონი აზიანებენ".
"საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას აზიანებს პირველ რიგში ის, თუ როგორ იქცევა ივანიშვილის ხელდასმულის მთავრობა, როცა ისინი თავს ესხმიან დასავლურ მედიასაშუალებას და აფინანსებენ პრორუსულ მედიას. ამაზე ღიად საუბრობენ ევროპული ლიდერები სხვადასხვა დოკუმენტებში ღია და დახურულ შეხვედრებზე. სწორედ ამ კრიტიკის გადასაფარად გააკეთა ღარიბაშვილმა განცხადება" - აღნიშნა კანდელაკმა.
მისი თქმით, ის რომ საქართველო ევროპულ პოლიტიკურ რუკაზე გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დამსახურებაა.
"უვიზო მიმოსვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი მთავრობის დროს. "ნაციუონალური მოძრაობის" მთავრობის გეგმით, ჩვენი ქვეყანის მოქალაქეები უკვე უნდა სარგებლობდნენ უვიზო მიმოსვლით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას, რადგან ამას იმსხურებს არა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხი, რომლის არჩევანი არის ევროპა" - აღნიშნა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.
კითხვაზე რა განწყობაა ევროკავშირში საქართველოს საკითხზე, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ეს განწყობა მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული იმ დოკუმენტებში, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული.
"ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და სხვა ევროპული სტრუქტურები შეშფოთებას არ მალავენ საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯები აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მაგალითად, როცა მთავრობა აფინანსებს პრო-რუსულ მედიასაშუალებებს და ცდილობს დახუროს პრო - დასავლური ტელეკომპანია. ევროკავშირისთვისა და ქართველი ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრას ჯობია მთავრობამ ნაცარი თვითონ დაიყაროს" - დასძინა "ნიუპოსტთან" საუბრისას გიორგი კანდელაკმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების კიდევ ერთი ადრესატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კი ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს შეიძლება იყოს მთავრობის მოქმედებები.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა-ლიბერალიზაციაზე, რადგან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა - ღარიბაშვილის მთავრობას. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვიზა-ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი საფრთხე, ეს არის მთავრობის მოქმედებები ქვეყნის შიგნით და პირველ რიგში მცდელობა, რომ ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. დღეს სწორედ ეს არის საფრთხის სფერო. ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ალბათ ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ხელისუფლება მეოთხე წელია კვებავს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
პრემიერის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი კანდელაკი და დავით ბაქრაძე ევროკავშირს სთხოვენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს. პრემიერის განცხადება იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპელმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაუდასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები






