კულტურის მინისტრი უარყოფს აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის უწყებაში სახელფასო დანამატის გაცემა 1500%-ით გაიზარდა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, სახელმწიფო უწყების მხრიდან მსგავსი არაადეკვატური განცხადების გაკეთება სირცხვილია.
"ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული და სიტუაციას წარმოაჩენდა ეს ანალიზი იმგვარად, თითქოს შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1500 ლარით ანუ მე დღეს, თუ ეს მართალია, 50 ათასზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს. მე ბატონი ლაშას ადგილას, იმ თანამშრომლებს, ვინც ასეთ ანგარიშს მომაწვდიდა, მინიმუმ გავათავისუფლებდი სამსახურიდან. ამასთან დაკავშირებით მე სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავ. ვფიქრობ, სირცხვილია სახელმწიფო უწყების მხრიდან სირცხვილია ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება," - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, საჯარო დაწესებულებებში მკვეთრად გაიზარდა დანამატის განაცემები.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატები 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო 206%-ით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 414%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ოთ, ჯანდაცვის სამინისტროში 270%-ით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა შეიცვალა დანამატით“, - ამბობს თორდია.
მასალის გამოყენების პირობები






