„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მისასალმებელია.
თუმცა როგორც ფანჯიკიძე ამბობს, მთავარია, რომ რუსეთმა საქართველოს სანაცვლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი არ გადაახდევინოს.
„რუსეთთან ვიზების ლიბერალიზაცია, იქნება გამარტივება თუ გაუქმება, ძალიან კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ მთავარია ამაში რუსეთმა არ გადაგვახდევინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ხარკი“, - ამბობს ფანჯიკიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი კარასინი-აბაშიძის ფორმატზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეხვედრის დეტალები უფრო გამჭირვალე უნდა იყოს.
„კარგი იქნება, რომ ასეთი შეხვედრების დღის წესრიგი უფრო გამჭირვალე იყოს და ვიცოდეთ რაზე საუბრობს ბატონი აბაშიძე კარასინთან. იქნება თუ არა შეხვედრაზე განხილული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის „გაზპრომი, რკინიგზა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ბევრჯერ დღის წესრიგზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება დღის წესრიგზე. ერთს ამბობს კარასინი, შემდეგ ამას უარყოფს ხოლმე ბატონი აბაშიძე. ასე, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სინამდვილეში რაზე მიდის იქ მსჯელობა“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, პრაღაში ხვალ კარასინი-აბაშიძის შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები






