"პატრიოტთა ალიანსის" 4 წევრის შეუძლოდ გახდომის მიუხედავად, ირმა ინაშვილი მხარადამჭერებთან ერთად შიმშილობას განაგრძობს.
როგორც "ნიუპოსტს" ინაშვილმა განუცხადა, საპროტესო აქციის მონაწილეები ჯაჭვური შიმშილობის ფორმაზე გადავიდნენ.
"პატრიოტთა ალაიანსის" ლიდერის ინფორმაციით, ის 4 ადამიანი, რომელიც შეუძლოდ გახდა, შიმშილობას წყვეტს.
"ჩემი მიზანი არ არის მიშიმშილეები ენერგიის დაშრეტამდე მივიყვანო. არ მინდა, მათ ფიზიკური ზიანი მიადგეს, ამიტომ აქცია გადავიდა ჯაჭვური შიმშილობის ფორმაზე. გამოვა ლიდერების ნაწილი, მათ ახალი ლიდერები ჩაანაცვლებენ. ასევე მოხდება მხარდამჭერების ჩანაცვლება. შესაბამისად, შიმშილობის აქცია არ შეწყდება. მთელი საქართველოს მასშტაბით 100 -ზე მეტი ადამიანი შიმშილობს" - განუცხადა "ნიუპოსტს" ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზებულია პარტიის ორი ლიდერი - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა "პატრიოტთა ალიანსის" ორ მხარდამჭერს - მანანა აბუსერიძესა და ლალი ხუციშვილს.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა, როგორია მოშიმშილე ლევან თედიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც გაირკვა, ინაშვილის თხოვნით ამ უკანასკნელმა შიმშილობა აქციის დაწყებიდან მალევე შეწყვიტა.
"ლევან თედიაშვილი ყოელდღიურად ჩვენთან არის როგორც მხარდამჭერი. დღესვე მე რეკომენდაცია მივაწოდე მოშიმშილეებს, რომ 70 წლის ზემოთ მყოფ მხარადამჭერებს უარს ვეუბნებით შიმშილობის აქციის დაწყებაზე. ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მათაც თავი უნდა შეიკავონ შიმშილობისგან"- დასძინა ინაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანის ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების შიმშილობის აქცია მეათე დღეა გრძელდება.
ინაშვილის განცხადებით, მათი ყველა მოთხოვნა არის უცვლელი: "საარჩევნო გარემოს შეცვლა და გარემოს და თავდაცვის მინისტრების გადაყენება, ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და იმის გამოძიება ვინ და როგორ აყალბებდა არჩევნებს საგარეჯოსა და მარტვილში. რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება. საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში შიმშილობენ. ჩვენს საპროტესტო აქციას მოხალისეები უერთდებიან. რამდენიმე დღეში პარლამენტის შენობასთან 200 ადამიანი დაიწყებს შიმშილობას და ჩვენ 500 -მდე ავალთ“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






