მისი თქმით, მთავრობა ამ მხრივ კარგ ნაბიჯებს დგამს. ელჩი ხაზს უსვამს ჟენევის მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს. როგორც კელი აცხადებს, ორივე ფორმატი იძლევა აქტუალური თემების უფრო აქტიურად განხილვის საშუალებას.
იან კელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებულ პრობლემებსა და დარღვევებზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად ილაპარაკოს.
„მსურდა საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ხელი შემეწყო და დავხმარებოდი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად ილაპარაკოს მსგავს დარღვევებზე. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტები დღემდე არ არის შესრულებული, სადაც შავით თეთრზეა აღნიშნული, რომ რუსული ჯარი უნდა დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ამ მხრივ, ეს პრიორიტეტია, რომელზეც ვმუშაობთ. ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, იმ თავშეკავებასა და პრაგმატიზმს, რომელსაც იჩენს. საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ასპექტია ბრძოლის ისეთი ფორმის შერჩევა, რომელშიც გაიმარჯვებ. აშშ აქტიური მონაწილეა ჟენევის ფორმატისა. ვაფასებ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რის შედეგადაც რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი გაიხსნა. ზურაბ აბაშიძე ძალზე გამოცდილი და პრაგმატული დიპლომატია. ამდენად, არსებული ფორმატები - ჟენევის მოლაპარაკებები და აბაშიძე-კარასინის არხი - იძლევა აქტუალური თემების უფრო აქტიურად განხილვის საშუალებას. მინდა დადებითად შევაფასო საქართველოს მთავრობის რეინტეგრაციის პოლიტიკა. მთავრობა ამ მხრივ კარგ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს გრძელვადიანი სტრატეგიის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტეგრაციისთვის“, - ამბობს კელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






