ირაკლი ალასანიამ „ნიუპოსტთან“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელსაც მისივე განცხადებით პარლამენტის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ასიგნებები სჭირდება.
„ის დიდი ტრაგედია, რომელიც დატრიალდა საფრანგეთში, არ არის მხოლოდ ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ყველა ჩვენგანისთვის საფრთხე. თქვენ იცით, რომ საქართველო არის კონტრტერორისტული კოალიციის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია ვმონაწილეობთ საერთაშორისო ოპერაციებში და ამ ახალ ვითარებაში საქართველომ უნდა აამაღლოს კონტრტერორისტული ქმედებები. ამიტომ მომავალი კვირიდან ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დავაყენებთ საკითხს, რომ გაორმაგდეს დაფინანსება კონტრტერორისტულ ცენტრზე და ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე“- განუცხადა „ნიუპოსტს“ თავდაცვს ყოფილმა მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საპარლამენტო დონეზე უნდა მოხდეს დაინტერესება აღნიშნულ უწყებებს კონკრეტულად რა სახის დახმარება სჭირდებათ.
„საზღვრის დაცვის კონტრტერორისტული, მუშაკების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხზეც. გაზზსადენები, ნავთობსადენები, აეროპორტები, ბუნებრივია ამას დასჭიდება, ახალი სპეციალურად გამოყოფილი ასიგნებები საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებით. სწორედ ამ ინიციატივით გამოვდივართ ჩვენ და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო დაცული იყოს და ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ახალ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენა“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე, თუ არის გათვლილი რა თანხა დასჭირდება დაფინანსების გაორმაგებას და თუ არსებობს ეს ფინანსური რესურსი ბიუჯეტში, ირაკლი ალასანიამ განმარტა, რომ ფინანსური და ადამიანური რესურსი აუცილებლად უნდა მოიძებნოს.
„წლების განმავლობაში უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და კონტრტერორისტული კურატორი ვიყავი. ზუსტად ვიცი ამ ცენტრის მუშაობის სპეციფიკა. ისიც კარგად ვიცი, რომ მათ ადამიანური, ფინანსური და ოპერატიულ-ტექნიკური რესურსი ესაჭიროებათ. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, ხელისუფლებასთან ერთად ასეთ სტრუქტურებს დავეხმაროთ, რათა საკუთარი ქმედებები ახალი გამოწვევების პირობებში ეფექტურად წარმართონ”- თქვა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






