ოზურგეთში, "ნაციონალების" ოფისის თავდასხმაში მონაწილე ალექსანდრე ჩახვაძე და ალეკო ცეცხლაძე გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლები გახდნენ.
"როგორც ვამბობდით, ეს ადამიანები იყვნენ გურიის გუბერნატორის და მისი მოადგილის, ერქომაიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. მათ დაუფასდათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაზე თავდასხმა და შესაბამისად დაწინაურდნენ აღნიშნულ სამსახურში. კიდევ ერთჯერ დადასტურდა ის, რომ ყველა ამ თავდასხმის უკან იდგა სახელისუფლებო გუნდი", - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ რევიშვილი.
როგორც "გურიის მოამბესთვის" გახდა ცნობილი, ცეცხლაძე გაერთიანების დირექტორის, გოჩა კვანტალიანის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო ჩახვაძე, ამავე გაერთიანებაში სპორტის განყოფილებას უხელმძღვანელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ქალაქის მერია.
"ა.ა.ი.პ. ‘’გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი’’ - ში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამ ეტაპზე თანამშრომელთა ვინაობა უცნობია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პიროვნებების კავშირს ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან, ჩვენთვის სრულიად უცნობია ხსენებულ ფაქტში მონაწილე პირთა ვინაობა", - ამბობენ მერიაში.
ორივე მათგანი, გასულ თვეში აქტიურად მონაწილეობდა, ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში.
მასალის გამოყენების პირობები






