საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის გუბერნატოტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტოს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა გიორგი კვერენჩხილაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნით მარგველაშვილს მიმართავს.
კვერენჩხილაძის ინფორმაციით, წულუკიანის უწყებას პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
„საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნევს იმ შემთხვევას, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ანუ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი უპირობო საფუძველია ის შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყოველ თვე წარუდგენს ასეულობით დასკვნას ამგვარი საფუძვლით, ვგულისხმობ პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას. დღეის მდგომარეობით, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნა მოწოდებული არ არის. როგორც ვიცით, დასკვნა დეკემბრის პირველ ნახევარში იქნება ჩვენთვის წარმოდგენილი. როდესაც იუსტიციის სამინისტრო მოგვმართავს, საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ანალოგიური შემთხვევაში სხვა მოქალაქეების მიმართ ანუ შეუწყვეტს საქართველოს მოქალაქეობას. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში და არც ერთ სხვა შემთხვევაში არ დაარღვევს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას“, - აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას კვერენჩხილაძემ.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ წერილი მიხეილ სააკაშვილს ოდესაში რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დეკემბერის პირველ რიცხვებში წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები






