„ჩვენ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, ისინი ნამდვილად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“- განაცხადა გვარამიამ. მისი თქმით სასამართლო ყველაზე სასაცილო და დამცირებულ მდგომარეობაშია, რადგან ის ადამიანებიც კი ვის სასარგებლოდაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას. „ნუ იმცირებთ თავს, თქვენი რეპუტაცია ძალიან ძვირი ღირს. გაემიჯნეთ მოსამართლე ურთმელიძეს.“- მიმართა გვარამიამ სასამართლოს.
გვარამიას განცხადებით, საყევარიშვილის და დვალის მიერ გამართული ბრიფინგი აბსურდული იყო და შეიმჩნევა, რომ „რ2“-ის დროებითი მმართველები შეშინებულნი არიან, რადგან მათ დაეკისრათ პასუხისმგებლობა ყველა იმ პროცესზე , რაც ტელეკომპანიაში მიმდინარეობს.
„ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამარცხვინოდ სცადეთ, ამ ადამიანის მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. თქვენ გაყოფილი გაქვთ თავი ყულფში და ეს ყულფი ყოველდღიურად იკვრება. ვერ დაამტკიცებთ, რომ აქ ვერ შემოხვედით და ამიტომ ვერ ასრულებთ მოვალეობებს. თქვენ გაქვთ აბსოლუტური წვდომა ჩვენ ანგარიშებზე და საგადასახადო ბარათებზე. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“- განაცხადა გვარამიამ.
როგორც გვარამია აცხადებს, დოკუმენტი, რომელიც რ2-ის დროებითმა მმართველებმა ბრიფინგზე წარმოადგინეს გაყალბებულია, რადგან უდუმაშვილზე პასუხისმგებლობის დაკისრება მისი თანხმობის გარეშე მოხდა. გვარამიას შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ რ2-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ორკესტრირებულად მოქმედებს:
„ნოტარიულად დოკუმენტი სრულიად უკანონოდ გაფორმდა. ეს არ არის მინდობილობა, რომელსაც ზალიკოს თანხმობა არ დასჭირდებოდა. ეს არის მინდობის ხელშეკრულება, რომელსაც სჭირდება ორმხრივი ნების გამოხატვა, შესაბამისად ზალიკოს ხელმოწერა. ნოტარიუსზე მძიმე შეცდომა ჩაიდინა საჯარო რეესტრმა, რომელიც ვალდებულია, რომ დაახარვეზოს ასეთი დოკუმენტი, რაც არ მომხდარა და ამ დოკუმენტის რეგისტრაცია წუთების განმავლობაში მოახდინა. სახეზეა კიდევ ორი თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, ნოტარიუსი და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი. ამ პირებმა ზალიკოს თავისი ნების გარეშე დააკისრეს პასუხისმგებლობა. ეს ქაღალდი არის ფარატინა ფურცელი, რომელსაც არ ახლავს საჭირო რეკვიზიტი, მეორე მხარის თანხმობა“- აღნიშნავს გვარამია და ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს.
გვარამიას თქმით მას ესმის დვალის და საყევარიშვილის სურვილი, რომ გავიდნენ ამ პროცესებიდან და ის რ2-ის დროებით მმართველებს ურჩევს რომ მივიდნენ სასამართლოში და თავისი სურვილის შესახებ იქ განაცხადონ.
„რაც შეეხება ბოდვას, რომელიც მოვისმინეთ, რომ აქ ვინმე აპირებს ტექნიკის დაზიანებას, ნუ იმსჯელებთ თქვენი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ამ კომპანიაში მე 3 წელია ვარ და სისხლი მაქვს ჩანთხეული, უფრო მეტი ვიდრე თქვენ ბატონო დვალო, რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყავით აქ. ეს არის ქალაქი და არა ოროთახიანი ოფისი და ჩემი ხელი აქვს შეხებული ყველაფერს, რომელსაც არათუ დავაზიანებ, ყველანაირად გავუფრთხილდები და ვეცდები , რომ მეტი იყო ვიდრე ახლა არის. თქვენ ხართ მშიშრები თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან და ახლაც საკუთარ სახლებში მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ. ჩვენ კი აქ ვართ გამოკეტილები როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე დავიცავთ. თქვენ პირველივე ხელის დაქნევისთანავე გაიქცევით. თქვენი სახლებიდან გაიქეცით დღეს და უკანალზე ირტყამთ ფეხებს ისეთი ტემპით გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ. გამოსავალი არსებობს, ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და განაცხადეთ, რომ ემიჯნებით. ამით თქვენ თავს დაიცავთ იმ მაღალი მატერიალური პასუხისმგებლობისგან, რომელიც სავარაუდოდ თქვენ დაგეკისრებათ.“ - მიმართა გვარამიამ საყევარიშვილსა და დვალს.
მასალის გამოყენების პირობები






