2015 წელს, ოპოზიციური „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული არხია, მას აქვს სამართლებრივი დავა და ბაზარზე ჩნდება ახალი გამზომი, რომლის დაფინანსების წყარო შემცირებული სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში მთლიანად ბუნდოვანია. ამჯერად, ბაზარზე ცალკეული მოთამაშეების ამოცანაა, რომ „თი-ვი ემ-არ საქართველო“ „რუსთავი 2“-ის რეიტინგებს გადააყოლონ. კომპანიას ჯერ კიდევ აქვს სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან კვლევაში ჩართულ რესპოდენტთა სიების გადაუცემლობის გამო. თითქოს ისტორია მეორდება.
მაშ ასე, 2007 წლის ისტორიული მონაცემების შედარება 2015 წლის სარეიტინგო კომპოზიციასთან.
სატელევიზიო ბაზარი დინამიურად იცვლება, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს ფაქტს, რომ ოპოზიციური სატელევიზიო მედია მაყურებლისთვის მეტად მიმზიდველია. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, (რომელიც 2005 წლიდან უწყვეტად ზომავს სატელევიზიო აუდიტორიას საქართველოში) შევადარეთ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების სამეული 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და 2015 წლის იგივე პერიოდში.

2007 წლის შემოდგომაზე ყველაზე რეიტინგული ტელევიზიები იყო „იმედი“, „რუსთავი2“ და „1 არხი“. „იმედის“ რეიტინგი სამიზნე აუდიტორიისათვის (18+) თითქმის ორჯერ აღემატებოდა „რუსთავი 2“-ის რეიტინგს და წილი 40%-იან ნიშნულთან მერყეობდა სხვადასხვა სამიზნეებისათვის. გრაფიკზე #1 ნათლად ჩანს, რომ რეიტინგებით პირველ, მეორე და მესამე ადგილზე მდგომი ტელევიზიების შედეგებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო. „იმედის“ სატელევიზიო წილი სამიზნე აუდიტორიისათვის (18+), 14%-ით აღემატებოდა „რუსთავი 2“-ის წილს და 33%-ით „1 არხის“ წილს. 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედი“ უპირობო ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა.

2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სურათი შეცვლილია, იხ.გრაფიკი #2. ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიების სამეულში აღარაა საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“. სამეულის მესამე ადგილი უკავია ტელეკომპანიას „მაესტრო“, პირველ ადგილზეა ტელეკომპანია „რუსთავი2“. სამიზნე აუდიტორიისათვის (18+), „რუსთავი 2“-ის რეიტინგი შეადგენს 5,07%-ს, „იმედის“ კი 4,27%. პირველ და მეორე ადგილზე მყოფი ტელევიზიების აუდიტორიის წილი მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. „რუსთავი 2“-ის აუდიტორიის წილი 4%-ით აღემატება „იმედის“ წილს, 20%-ით კი „მაესტროს“ წილს.
შევადარეთ სოციალურ-პოლიტიკური და ახალი ამბების გადაცემების პირველი ხუთეულები 2007 და 2015 წლების შემოდგომაზე. შედეგი ძალიან საინტერესოა, თუ 2007 წელს ხუთეულში მოხვდა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემები, 2015 წლის ხუთეული კი მთლიანად „რუსთავი 2“-ის გადაცემებისგან შედგება.

მასალის გამოყენების პირობები






