ამის შესახებ ვარძელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე საჯარო შეფასებას ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე 5 თვის განმავლობში მუშაობდა განათლების სამინისტროში ბატონ ნიკა გვარამიასთან ერთად. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამინისტრო. რამდენად არის ეს საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი იყოს შეტანილი, ამ საკითხს სასამართლო შეისწავლის. გადაწყვეტილებას არ იღებს მოსამართლე ერთპიროვნულად. გადაწყვეტლებებს სასამართლო იღებს კოლეგიალურად და ამიტომ ეს საკითხი გახდება კოლეგიის შეფასების საგანი. ბატონ ლევანთან ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. მე მქონდა გარკვეული შეხება მასთან. მე არ ვიყავი მისი მოადგილე, რამდენადაც მახსოვს. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და ასევე იმ პროექტებზეც, რომლებსაც ბანკი ქართუ ახორციელებდა. ბატონი ლევანი ფონდის დირექტორი იყო. მე იუსტიციის სამინისტროში 2004-2006 წლებში მაგ დროს სამინისტროს ხელმძღვანელი არც ნიკა გვარამია და არც ზურაბ ადეიშვილი არ იყო. რადგან კითხვები არსებობს და რადგან ეს კითხვები გაუჩნდა დავის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს - პარლამენტს სასამართლო ვალდებულია, შეისწავლოს ეს კითხვები და გასცეს პასუხი. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, მას შემდეგ რაც შუამდგომლობა შემოვა სასამართლოში“, - აღნიშნა ვარძელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "რუსთავი 2"-ის საქმიდან მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი არაობიექტურად მოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები






