ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განმარტებით, 12 კაციან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერის მოსაგროვებლად სულ 4 თვე ჰქონდათ, თუმცა როგორც კაციტაძე ამბობს, თვენახევარში მათ 240 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
კაციტაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის ნება-სურვილს გაითვალისწინებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს.
„12 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა თვენახევრის წინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შევიტანეთ მოთხოვნა, რათა მოეცათ შესაბამისი ბლანკები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროცედურა დაგვეწყო ხელმოწერების მეშვეობით. მივიღეთ სათანადო ბლანკები და საქართველოს მასტაბით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. კანონის მიხედვით, 4 თვეში არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეგვეგროვებინა. თუმცა თვენახევარშუ უკვე შეგროვილია 240 ათასამდე ხელმოწერა. გვინდა, რომ პროცედურები დროულად დაიწყოს, ამიტომ 4 თვეს აღარ დაველოდეთ და საკმარისად ჩავთვალეთ 240 ათასი ხელმოწერის შეტანა საქართველოს პარლამენტში. დღეს ეს ხელმოწერები, ერთად თავმოყრილი შევა პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და დაველოდებით უკვე შემდგომი პროცედურული ნაბიჯების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს“, - აღნიშნა კაციტაძემ.
"ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად არ იზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთ მოთხოვნას, შეცვალოს საარჩევნო სისტემა და გააუქმოს მაჟორიტარული არჩევნები, იქნებ მოუსმინოს 240000 საქართველოს მოქალაქეს, უარი თქვას მაჟორიტარული არჩევნების სახით საპარლამენტო ადგილების მითვისებაზე, რათა 2016 წელს ჩატარებულმა არჩევნებმა ზუსტად ასახოს ქართველი ამომრჩევლის ნება - თითოეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ პარლამენტში პროპორციულად მიიღოს იმ ხმათა რაოდენობის შესაბამისი ადგილები, რომელსაც ის მოიპოვებს არჩევნების დროს,“ - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






