დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს ურთმელიძის განაჩენთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება „უკან მიაქვს“.
განმარტებას უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში აკეთებს.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს, არასდროს არ უნდა ენდო გავრცელებულ ინფორმაციას, სანამ მას გულდასმით არ გადაამოწმებ. ჩემი გულისწყრომა გამოვთქვი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროის ("გვიან ღამით" ) გამო. დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება არა გვიან ღამით, არამედ ნორმალურ სამუშაო დროს, 17:00 საათზე იქნა მიღებული და საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად, უმალვე შეცდომაში იქნა შეყვანილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს.
სხვათაშორის, ჩემი პირველი განცხადება ადასტურებს იმას, რომ , ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები არანაირად არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში", - წერს კვაჭანტირაძე.
ზვიად კვაჭანტირაძემ დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების ასეთ ფორმატში მიღება სახელმწიფოს ინტერესებს ნამდვილად არ შეესაბამება.
„შეიძლება მოსამართლეს დღისითაც იგივე გადაწყვეტილება გამოეტანა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დრო ჩემთვის დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს და ძალიან ცუდ დროს მახსენებს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გადაწყვეტილებები ასევე ღამ-ღამობით მიიღებოდა და ხდებოდა წილების გადაფორმება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






