"რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "რეფორმატორთა კლუბი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მკვეთრად უარყოფითად აფასებს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2” -ის მიმართ სამართალწარმოების პროცესში განვითარებულ მოვლენებს.
აღსრულების უზრუნველყოფის გადაწყვეტილების აბსურდული შინაარსიდან გამომდინარე, რომლის ძირითად მოტივაციასაც ხელისუფლებისათვის მიუღებელი საინფორმაციო პოლიტიკა წარმოადგენს, ყველასათვის ნათელი ხდება, რომ პროცესი ატარებს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ და ხელისუფლებიდან მართულ ხასიათს.
ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს მოახლოებული, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას თავისუფალი მედია წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების მიმართ, საფრთხეს უქმნის არა მარტო ,,რუსთავი 2”-ის ეფექტურ საქმიანობას, არამედ ზოგადად სიტყვის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტს და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონაწილე მხარის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს," - ნათქვამია "რეფორმატორთა კლუბის: განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






