არასამთავრობო სექტორი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ დააყენონ საქართველოს მთავრობასთან.
„ეს გადაწყვეტილება ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ბოლო დროინდელი გამიზნული თავდასხმები რუსთავი2-ის წინააღმდეგ, რეალურად მიზნად ისახავს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას. ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას ისახავს მიზნად, რომლის ძალითაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ვერდიქტის დაუყოვნებლივი აღსრულება აკრძალა. რუსთავი 2-ის, როგორც კრიტიკული არხის შენარჩუნება ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია განვითარების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ატლანტიკური საბჭო, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი, სამოქალაქო განათლების ფონდი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






