ამის შესახებ განცხადება, ებრალიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ აღმასკომზე, თავად გააკეთა.
როგორც ებრალიძემ "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა:
"ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლები, ვფიქრობდი, რომ სფფ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც დასრულდებოდა, თუმცა ბოლო ერთი თვეა, პირიქით, გრძელდება მეტი ინტენსივნობით. თავი რომ დავანებოთ ჩემს ოჯახს, უკვე პრობლემებს ჩემს მეგობრებსავ უქმნიან, აქედან გამომდინარე მივდივარ სახლში"-გვითხრა ებრალიძემ.
მისივე თქმით, მომავალი ყრილობისთვის, რეგიონალურ ფედერაციაში, ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობას ალბათ ბენო თავბერიძე გააგრძელებს:"ოქმების წერა ისედაც უყვარს და ვიმედოვნებ არც დღეის შემდეგ შეეშლება ამაში ხელი"-განაცხადა უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს რიგგარეშე ყრილობა გაიმართება და აღმასკომის ახალი შემადგენლობაც შეირჩევა, რომელიც სავარაუდოდ, ამჟამინდელზე მცირერიცხოვანი იქნება. დღესდღეობით 18 კაცია აღმასკომში. მანამდე კი აღმასკომის დღევანდელი შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
სხვა ცვლილებებზე: ფედერაციიდან ამ დროისთვის გათავისუფლებულია სფფ-ის ვიცეპრეზიდენტი გია ფირცხალავა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლაშა დვალიშვილი.
ფედერაციის მიღმა კიდევ ბევრი წევრი დარჩა. როგორც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კობიაშვილმა განაცხადა, ფედერაციაში საკმაოდ ბევრი უფუნქციო კადრი იყო გაფორმებული.
დაზუსტებით ჯერ უცნობია, მაგრამ ცვლილებები იქნება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა შორისაც.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






