ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას მართმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს.
როგორც „ნიუპოსტს“ ხოშტარიამ განუცხადა, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული იო და დღევანდელი განაჩენი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად არალეგიტიმური მოსამართლე, რომელმაც ყველა კანონის დარღვევით მიიღო ეს გადაწყვეტილება. არ აიცილა საქმე. არ შექმნა მოსამართლეთა კოლეგია. ჩვენ ვიხილეთ საქმე, რომელიც ათ სხდომაში სრულ ნონსენში დასრულდა. როდესაც საქმე ეხება მედიას მსგავსი სისწრაფით საქმის შესწავლა და განაჩენის გამოტანა სასამართლო პრაქტიკას არ ახსოვს. საქმეში არსებული შვიდი მოთხოვნიდან, არც ერთზე არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულება. მთელი განაჩენი დაეყრდნო ერთ ფარატინა ფურცელს, რომელსაც ხელს აწერდა ადამიანი, რომლის კავშირი „რუსთავი 2“-თან მოსამართლემაც ვერ დაადგინა. ამ საქმეს სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. ბუნებრივია, მოულოდნელი ამ ყველაფერში არაფერი არ იყო. აქ იყო ცალსახა პოლიტიკური ლოგიკა და ქმედებები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება გავიდა სამართლებრივი ველიდან. როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას აცლის სამართლებრივი კამათის სამართლებრივ ველს, არის საშიშროება სამოქალაქო დაპირისპირების“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ექსპერტი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღების ფაქტს.
„მოხდა ამ პრობლემის დროებით შერბილება. ხელისუფლების ჩანაფიქრი მყისიერად აღესრულებინათ ურთმელიძის გადაწყვეტილება, შეჩერებული იქნა. ამით პრობლემა არ მოგვარებულ. რაც მეტი იქნება საზოგადოებრივი და საერთაშორისო პროტესტი, მით უკეთესი იქნება. ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვერც ერთმა ხელისუფლებამ დიდი ფასის გადახდის გარეშე ვერ შეძლო ტელევიზიასთან ბრძოლა. ყველა ხელისუფლებამ წაიტეხა მსგავს საქმეში ცხვირი“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






