მომღერალი სოფო ნიჟარაძე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჩანაწერებს „ფსბ-ს მიერ დამონტაჟებულ სიყალბეს უწოდებს“.
ამის შესახებ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!“, - წერს ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინულ საიტზე გამოჩნდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრები. გვარამია- სააკაშვილის საუბრის ძირითადი შინაარსი რუსთავი ორის შენობის დაცვის მეთოდები იყო. სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბარი კი საქართველოში მოსალოდნელ მოვლენებს შეეხებოდა, რა დროსაც ნიჟარაძემ ნოდარ მელაძის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






