„მსგავსი მიყოლებით საუბრის შინაარსი არ მახსოვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი. მეორე ჩანაწერზე მე რა თქმა უნდა კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო რასაც ახლა აკეთებს საქართველოს უშიშროება და ასევე სრულიად სამარცხვინოა რასაც ახლა აკეთებენ ისინი ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს, იმიტომ რომ ასახავს ადამიანის პირად ცხოვრებას პირველ რიგში“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პირებთანაც ქონდა საუბარი, იმის შესახებ რომ ტელევიზიას დაცვის სამსახურის გაძლიერება სჭირდებოდა. თუმცა გვარამიას თქმით იმის გამო რომ მათ მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით, მათ დაცვის გაძლიერებაზე უარი თქვეს და „რუსთავი2“-ის დაცვა უკვე არსებული რესურსით გააგრძელეს:
„ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, ჩვენმა წყარომ სუს-დან, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს სწორედ ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით და როგორც კი გამოჩნდებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე ეს ადამიანები მათ შორის ყოფილი სპეცრაზმელები, რამდენიმე მათგანი იქნებოდა ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ და მოხდებოდა პროვოკაცია. ამიტომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადეთ რომ არ ვაპირებთ არც ამ ადამიანების და არც სხვა ადამიანების ჩვენ სივრცეში შემოშვებას“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოძრაობდნენ, ერთ-ერთი მათგანი წინასწარ შეთანხმებით ადამიანებთან წერდა ე.წ ფარულ ვიდეოებს, თითქოს „რუსთავი2“-ის ტერიტორიაზე მოსალოდნელი იყო იარაღის გამოჩენაც. გვარამია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამ შინაარსის ვიდეოებიც გამოჩნდეს.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინულ საიტზე გამოჩნდა ფარული ჩანაწერები სადაც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის საუბრები. გვარამია- სააკაშვილის საუბრის ძირითადი შინაარსი რუსთავი ორის შენობის დაცვის მეთოდები იყო. სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბარი კი საქართველოში მოსალოდნელ მოვლენებს შეეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






