გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესით ინტერესდება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, მოვლენები რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან ბარიკადების აღმართვაზეც საუბრობს.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, არის თუ არა საჯაროდ გამხდარი საუბრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება და შეფასება საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იურისტ დიმიტრი შაშკინს სთხოვა.
შაშკინი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საუბრის ჩაწერა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს. ექს მინისტრი ვარაუდობს, რომ უკანონო მიყურადების საქმეში საქართველოს მთავრობაც იყოს გარეული.
რაც შეეხება თვითონ ჩანაწერში გაჟღერებულ განცხადებებს, შაშკინი მასში გადატრიალებისკენ მოწოდებას ან დაპირისპირების წახალისების სცენარს ვერ ხედავს.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ ჩანაწერებში მოუწოდებს „რუსთავი 2“- ის ჟურნალისტებს გამაგრდნენ და დაიცვან სიტყვის თავისუფლება და საკუთარი არხი. ამაზე ისედაც საუბრობენ თვითონ ჟურალიტები, არხის ხელმძღვანელები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ღია ეთერში. სააკაშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაზეც საუბარი არ იყო საზოგადოების სხვადასხვა წრეებში. ჩანაწერს თუ კარგად მოუსმენთ, იქ არ არის დამხობისკენ ან სადმე შეჭრის მოწოდებები. რუსთავი 2 არის ბოლო ბასტიონი, რომელიც ჩვენ დიქტატურისგან გვყოფს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიკა გვარამიასთან საუბრისას თავის აზრს გამოხატავს თუ როგორ უნდა იყოს დაცული ტელევიზიის შენობა. ამ თემაზეც არაერთხელ უსაუბრიათ თავად არხის წარმომადგენლებს საჯარო სივრცეში. გაიხსენეთ ბატონი გვარამიას განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ისინი ფიზიკურად დაიცავდნენ „რუსთავი 2“- ის შენობას“- უთხრა „ნიუპოსტს“ დიმიტრი შაშკინმა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გუშინ გავრცელებული კადრების კომენტირებისას რუსული არხები „ბოევიკებზე“ მიზანმიმართულად პედალირებენ.
„მთავრობისა და რუსული მედიის გარდა, არ მეგულება ადამიანი ვინც ამ სიტყვას ინტერპრეტირებას გაუკეთებს და იტყვის, რომ რუსთავი 2 ის დაცვა იარაღით მოხდებოდა. იქ საუბარი იყო, რომ სპეც დანიშნულების რაზმებს ფიზიკურად უნდა დახვედროდენ და არ მიეცათ ტელეკომპანიის დარბევის საშუალება. რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთ რეპლიკას, რომ მისი აზრით მთავრობა გაისვრის, აქაც ვიტყვი იგივეს, ამ სცენარზე მარტო სააკაშვილი არ გამოთქვამს ეჭვს, ამაზე განცხადებები გაკეთდა ექსპერტებისა და დიპლომატების მხრიდან. ეს არის მთავრობა, რომელიც ყველაფერზე წავა, მთავრობა, რომელმაც 9 თვის ჩვილი პოლიტიკური მიზნებისთვის მოკლა. ამ ადამიანებმა არჩევნებში გამარჯვებისთვის დადგეს ციხის კადრები, გამომდინარე აქედან ეჭვი, რომ ხელისუფლება იარაღს გამოიყენებს რუსთავი 2 - ის გასაჩუმებლად სრულიად ლეგიტიმურია“ - განმარტა დიმიტრი შაშკინმა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას რუსთავი 2 - ის დასაცავად უნდა გამოვიდეს.
„ჩვენ, ყველანი იქ ვდგავართ და საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას. მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლთათვის საქართველო სულ ერთი არ არის, კარგად მოუსმინონ ჩანაწერს, გაანალიზონ ყველაფერი და გამოიტანონ დასკვნა. ეს ჩანაწერები რუსეთის მიერ არის გაკეთებული, როგორც ჩანს მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლება. რუსეთის სპეცსამსახურებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ უკრაინაში, ჰყავთ უამრავი აგენტი ამ ქვეყანაში. ვეჭვობ, რომ ვაიბერში გამართული საუბარი ჩაიწერა უკრაინაში“ - განმარტა მან.
შაშკინი „ქართული ოცნების’ წევრებსა და მათ სატელიტ ექსპერტებს, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს არანორმატირებული ლექსიკის გამო აკრიტიკებენ 2012 წელს გავრცელებული აუდიოჩანაწერს ახსენებს.
„ერთმა უცენზურო სიტყვამ აღაშფოთა, ოცნების მხარდამჭერები, არა და ყველას კარგად ახსოვს 2012 წლის ჩანაწერები, სადაც მთავრობის დღევანდელი წევრები არაერთი უშვერი სიტყვის გმოყენებით ლანძღვანენ ერთმანეთს“- აღნიშნა თავდაცვის ექს მინისტრმა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე შეიძლება თუ არა აღნიშნული აუდიო ჩანაწერი გვარამია-ბოკერიას დაკავების საფუძველი გახდეს, იურიტმა ეს შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა.
„სუფთა იურიდიულად, ამ ჩანაწერის საფუძველზე ბრალდების წაყენება შეუძლებელია. განსხვავებით იმ ჩანაწერებისგან რომელიც 2007-11 წლებში გამოქვეყნდა და სადაც მოქმედი პოლიტიკოსები „გერეუს“ იძახებდნენ მთავრობის დასამხობად. გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში კი მსგავსი მოწოდებები არ არის, საუბარია კერძო ტელეკომპანიის დაცვაზე. თქვენ, რომ მეგობარს უთხრათ, სახლში მივარდებიან და უნდა დავიცვა სახლი და ოჯახის წევრებიო, ამაზე საქმის აღძვრა ნებისმიერ იურისტს გაუჭირდება. სუფთა პოლიტიკურად თუ შევაფასებთ, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






