საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი სააკაშვილი- ბოკერია-გვარამიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნული პიროვნებების საქციელს ამორალური უწოდა. ღარიბაშვილის თქმით უსაფრთხოების ყველა სამსახური ქვეყანაში სიმშვიდის დაცვისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობს და სიტუაციას აკონტროლებს. პრემიერმა გამოძიების ბოლომდე პირობა დადო და განაცხადა, რომ ყველა ქმედება რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული აღკვეთილი და განეიტრალებული იქნება:
"ყველა სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და სიმშვიდე. მქონდა ოპერატიული თათბირი უსაფრთხოების სამსახურებთან და მინდა განვაცხადო, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. მივმართავ მოსახლეობას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შედეგებისა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. პირობას გაძლევთ, რომ სამართალდამცავები ამ საკითხს ბოლომდე გამოიძიებენ და ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთენ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის დასაცავად. მეც მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ აუცილებელია თავშეკავება. მოვუწოდებ ყველას, აქაც და ქვეყნის გარეთაც თავი შეიკავეთ პროცესის პოლიტიზირებისგან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლისგან. მათ ვინც გეგმავს შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი, ვიღაცის ბინძურ გეგმებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






