სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამის უწყებას სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამა წლის 24 ოქტომბერს, უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს", - განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






