„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ რეგიონებში პარტიის ოფისებზე თავდასხმები მისთვის უცხო პირების მიერ განხორციელდა.
დეპუტატის თქმით, ამ თავდასხმებში არათუ უცხო პირები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რისი დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს.
„ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ეს ადამიანები არიან უცხო პირები და შს მინისტრს დაავალა მათი ვინაობის დადგენა. რეალობა არის სხვა. ძირითადად ეს ადამიანები საკრებულოს თანამშრომლები, გამგებლები, გამგებლების მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები არიან. მაგალითისთვის, წალკაში ოფისების დარბევაში მონაწილეობდა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ გელოვანი, ჯემალ ბერიძე და ასევე გამგეობის თანამშრომელი ავთანდილ აბულაძე. თეთრწყაროში იმ ადამიანებიდან, ვინც ოფისების დარბევაში მონაწილეობა მიიღო, 5 ადამიანი თანამდებობის პირი იყო. ესენი იყვნენ გამგეობის საბიუჟეტო კომისიის თავმჯდომარე, რწმუნებულები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. გურჯაანში 10-ზე მეტი საკრებულოს და გამგეობის წევრები იღებდნენ მონაწილეობას ჩვენი ოფისის შეღებვაში. ასეთივე ვითარებაა გორში, სადაც საკრებულოს რამდენიმე წევრი მონაწილეობდა ოფისების დარბევაში. იგივე ხდებოდა ახალციხესა და ქუთაისში",- აცხადებს ნუგზარ წიკლაური
მასალის გამოყენების პირობები






