პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს. რა აზრი აქვს თეორიულად, რომ ვინმეს ჰქონდეს მიზანი რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს, როცა ხვალ შეიძლება გაიხსნას ძალიან მარტივად რუსთავი 5“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიგოს სიმართლე.
„მოგვწონს თუ არა რომელიმე სიუჟეტი, ეს მეასეხარისხოვანია. მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება ქმედებაში, ეს საგანგაშოა. დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?! საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუელებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის. დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ეს „რუსთავი 2“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, - განაცხადა პრემიერმა
მასალის გამოყენების პირობები






