"მე შემიძლია მაგალითისთვის გავიხსენო იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან გამართული კონსულტაციები, ასევე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე თუნდაც უკანასკნელ დღეებში გამართული კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია გავიხსენოთ ის, რომ სამჯერ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ და სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ შეხვედრამდე, რომელზედაც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოყოლია", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის განცხადებაზე საპასუხოდ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით პრეზიდენტმა კონსულტაციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია დააფიქსირა, რაც კონსულტაციების გამართვას აზრს უკარგავს:
„შექმნილ ვითარებაში ჩამოყალიბებული პოზიციით გამოდის, ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რომ კონსულტაციები გაიმართოს, რადგან კიდევ უფრო მეტად შეიძლება დავძაბოთ ვითარება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






