მისი თქმით, კალაძის შეფასება, რომ საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება აზერბაიჯანს კი ამ მოთხოვნილების უზრუნველყოფა არ შეუძლია, საქართველოში „გაზპრომის“ შემოსაყვანად მოგონილ ტყუილს უწოდებს.
გოცირიძე SOCAR-ის გენერალური დირექტორის მაჰიდ მამედოვის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ აზერბაიჯანს საქართველოს მოსახლეობის საკმარისი გაზით უზრუნველყოფა შეუფერხებლად შეუძლია.
„გაზპრომის შემოყვანა არის რუსეთიდან საქართველოზე ზეწოლა. მათ შემოსვლას აქვს სუფთა პოლიტიკური დატვირთვა. თუნდაც 100 მლნ. კუბური მეტრი გაზის მიწოდების შემთხვევაშიც ეს საქართველოსთვის ფინანსური შედეგის მომტანი არ იქნენება. ის სიკეთე რასაც მთავრობა მიუთითებს დანაკარგის სახით აქვს "გაზპრომს" ნახევარ დღეში. "გაზპრომის" შემოყვანა იქნება რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მომავალი გაფართოებისთვის“ - უთხრა „ნიუპოსტს“ გოცირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში თავის ინტერესს დებს.
„ხელისუფლებას სურს ეს ურთიერთობა სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც იყოს. SOCAR-ის გენერალურმა დირექტორმა ამ განცხადებით საქართველოს მთავარობას სილა გააწნა“ - განმარტა რომან გოცირიძე.
ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე უარის თქმით ისევ საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება, რადგან აზრებაიჯანს ბუნებრივი აირის გაყიდვა არ გაუჭირდება.
გოცირიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ შემოსვლით რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამატებით ძლიერ მოთამაშეს შემოუშვებს.
„ნუ გვავიწყდება, რომ ყველა რუსული მედიაკომპანია, რომელიც რუსეთში მოქმედებს, გაზპრომის საკუთრებაშია. რუსეთის ლოზუნგი არ უნდა გამოგვრჩეს ისინი რასაც ვერ აკეთებენ ტანკებით, აკეთებენ ბანკებით. ისინი ენერგეტიკით ცდილობენ მსოფლიოს კონტროლს“ - განმარტა მან.
ცნობისთვის, SOCAR-ის გენერალურმა დირექტორმა მაჰიდ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოს მოსახლეობის საკმარისი გაზით უზრუნველყოფა შეუძლია.
ამით მამედოვმა უპასუხა კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება გაზის მოხმარება, რასთან დაკავშირებითაც აზერბაიჯანიდან მიწოდებული გაზი არასაკმარისია. სწორედ ამის გამო, როგორც კალაძემ ახსნა, ქართული მხარე აპირებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოებას გაზის მიწოდების საკითხებზე.
შეგახსენებთ, იმასაც რომ რუსული ენერგო გიგანტის შემოყვანის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეხვდა.
მას შემდეგ რაც შეხვედრის დეტალებმა მედიაში გაჟონა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტება გააკეთა, სადაც აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო 2015-2016 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს.
კახა კალაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომერციული ოპერატორებისთვის რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანაზე იყო საუბარი.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






