როგორც გაირკვა „რუსთავი 2“- ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ხელისუფლების მუქარა ალექსი ახვლედიანმა მიაწოდა.
პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობენ, რომ ოლიმპიური ფესტივალის პრეზიდენტი ღარიბაშვილის მთავრობის დამოკლეს მახვილი უკვე გახდა.
რუსთავი 2-ის დირექტორის განცხადებით, ხელისუფლების „მესიჯი“, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსა და სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შესახებ, მას პრემიერ მინისტრის დავალებით გადასცეს.
გვარამია იხსენებს, რომ ღარიბაშვილმა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას უთხრა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას, დროდადრო სწორედ ახვლედიანი გააცნობდა.
თვითონ ახვლედიანი, გვარამიასთან პირისპირ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა „მესინჯერობას“ კატეგორიულად უარყოფს.
"არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, ღმერთმა დამიფაროს" - ირწმუნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
"ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა რუსთავი 2-ის ოფისში, სადაც ჩვენ ერთმანეთს ძალიან ხშირად შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. ჩემი დევიზია, ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული" - უთხრა ახვლედიანმა მთავარ პროკურატურასთან შეკრებილ ჟურნალსიებს.
საექსპერტო და საზოგადოებრივ წრეებში მინიშნებები კეთდება, რომ ახვლედიანი „მთავრობის მძევალია“.
მონიტორინგის ცენტრის „მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი - აცხადებს, რომ „ახვლედიანის გაფლანგული მილიონები პრემიერთან გარიგებით შერჩა“.
„ჩვენი ორგანიზაცია, ახალგაზრდული ოლიმპიადის პარალელურად ასაჯაროვებდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, სადაც დიდი კორუფცია იკვეთებოდა. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ახვლედიანმა დახარჯული 40 მილიონი 5 კომპანიაზე პირდაპირი ხელშეკრულებებით ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადაურიცხა 2 კვირის წინ დარეგისტრირებულ კომპანიებს.
მეტიც, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი წასიძეა, ეს უკანასკნელი. 2010 წელს თაღლითობის მუხლით გაასამართლეს, მაშინ მან სახელმწიფოს თანხა მიითვისა 119 000 ლარი.
4-5 კვლევა გვაქვს დადებული, უამრავ დარღვევაზე დოკუმენტალურად იყო საუბარი, ყოველთვის მივმართავდით საგამოძიებო ორგანოებს, მინიმუმ იმის საფუძველი არსებობდა, რომ ბატონი ალექსი ახვლედიანი დაეკითხათ, რასაც არ აკეთებდნენ. უკანასკნელი დღეების ქრონიკამ კი დაასაბუთა ჩვენი ეჭვები, რომ ახვლედიანის დაბარება არ ხდებოდა იმიტომ რომ ე.წ პრემიერს, (ღარიბაშვილს სხვას ვერ დავუძახებ) და ახვლედიანს შორის გარიგება შედგა. ახვლედიანს, რომელიც არაერთხელ იქნა მხილებული უკანონო ქმედებებში პირადად ღარიბაშვილი მფარველობს. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარე ამ სახადს კურიერობით იხდის „- უთხრა ხაბეიშვილმა „ნიუპოსტს“.
„ნიუპოსტი“ კომენტარისთვის საპარლამენტო უმრავლესობას დაუკავშირდა
დეპუტატი მეჭიაური დღეს „რუსთავი 2“- ის და პირადად ნიკა გვარამიას ბოლოდნოინდელი განცხადებების შეფასებისას, უცნაურად მოზომილი აღმოჩნდა.
„გამოძიება დაწყებულია, როგორც ვიცი ბატონმა ახვლედიანმაც გააკეთა კომენტარები“ - უთხრა ჩვენს ჟურნალისტს უმრავლესობის დეპუტატმა.
კითხვაზე, გვარამიას მიერ მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ კიდევ ეპარება თუ არა ეჭვი „რუსთავი 2“- ის გენ დირექტორის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, ოცნების სახემ თქვა: „რუსთავი ორში ბევრი დადის, ეს რაღა მტკიცებულებაა?!“.
რაც შეეხება მთავრობის მეთაურის მიერ ახვლედიანის შესაძლო დაშანტაჟების საკითხს, მეჭიუარის განცხადება ასეთია: „მაგ საქმეებში ჩახედული არ ვარ და ვერ გეტყვით (სტილი დაცულია).
ხელისუფლების მხრიდან ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ შანტაჟს გამორიცხავს ოცნების კიდევ ეერთი დეპუტატი. ზურაბ ტყემალაძეს არგუმენტად ახვლედიანის განცხადება მოჰყავს.
„ნიკა გვარამია კი იძახის, რომ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით ემუქრებოდა და შუამავალი იყო ახვლედიანი, მაგრამ თვითონ ახვლედიანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დიდიხანია არ შეხვედრია. როგორ მტკიცდება გვარამიას განცხადების ავთენტურობა? „- განუცხადა „ნიუპოსტს“ ტყემალაძემ.
ღარიბაშვილისა და ახვლედიანის შესაძლო გარიგებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს ირაკლი სესიაშვილს. მან ჩვენთან საუბარი მოუცლელობით გაწყვიტა.
„სტუმარი მყავს, მოგვიანებით დარეკეთ, თუმცა არამგონია ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება გვარამიას და რუსთავი ორის განცხადებებს ამაზე კომენტარი მედიას ახლაც მივეცი“- აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ქართული ოცნება არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ვინმესთან მესიჯების გაგზავნა სჭირდებოდეს.
"ნიკა გვარამია თავის მეგობარს რაღაცს ელაპარაკება და მერე ამას გაყიდის პოლიტიკურად როგორც აწყობს ასე, არ გამოვა"- დასძინა მან.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძისთვის, უცნობია ასრულებდა თუ არა ახვლედიანი ხელისუფლების დავალებებს.
"ასეთ კითხვაზე სწორ პასუხს ვერ მიიღებ, მე რა ვიცი რა ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს ან ასრულებდა ბატონი ალექსი. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც არასდროს მსაყვედურობდა იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას მეგობარი ვარ"- თქვა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, აქ ამბობენ, რომ ყველა კითხვა გამოძიებამ უნდა გაფანტოს.
"ზღაპარია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება ამას არ იზამდა, ამაზე უარესებიც უქნიათ. არც ეს და არც ჩვენი ხელისუფლება აკლებდა. რაც შეიძლება ბევრი პასუხი უნდა მივიღოთ"- თქვა გოგა ხაჩიძემ.
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა კი "ნიუპოსტთან" საუბრისას არ გამორიცხა, რომ გვარამიას ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერები გააჩნდეს.
"იმას, რომ ბატონმა ახვლედიანმა გვარამიას ხელისუფლების მუქარა გადასცა, ამას მეტი მტკიცებულება უნდა. მივცეთ შანსი საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიოს საქმე. თუმცა მე მგონია, რომ გვარამიას შეხვედრის ამსახველი ჩანაწერები გააჩნია. უბრალდ ის ამ ეტაპზე თავს იკავებს გასაჯაროებისგან, ელოდება უმრავლესობის ნაბიჯს და ამიტომაც აკეთებს მოზომილ განცხადებებს, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






