პარტიის წევრები მოუწოდებენ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები მიდის მკვეთრი დაპირირსპირების გზით, რასაც იოლად შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები. მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას - ნაციონალურ მოძრაობას და ქართულო ცნებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც აშკარად შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოქალაქეების წაქეზებას. ჩვენთვის მიუღებლია ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე, რომელიც მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს ატარებს.
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“ მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმოქმედოს გონების კარნახით და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, - აცხადებენ „თავისუფალ დემოკრატებში“.
პარტიის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ გამოიჩინონ გონიერება, შეწყვიტონ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მოსახლეობის დაპირისპირება.
„იმისათვის, რომ ყველა პროცესი ქუჩიდან შენობაში გადავიტანოთ ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ვიწყებთ შეხვედრებს და მომდევნო დღეების განმავლობაში შევხდებით: სახალხო დამცველს, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი,,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში, მათ შორის მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი შეხვდრებს მართავს ვაშინგტონის ოფიციალურ წრეებში.
მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას და ვთხოვთ, ვინაიდან ვითარება ასე დაიძაბა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მიეცეს სასამართლოს ყველა ინსტანციის გამოყენების კანონიერი დრო და შესაძლებლობა.
მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, გამოიჩინოს გონიერება, შეწყვიტოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, შეწყვიტოს მოსახლეობის დაპირისპირება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას“, - განმარტავენ პარტიაში.
მასალის გამოყენების პირობები






