აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას პარტია განცხადებას ავრცელებს.
„დღეს საქართველოში შექმნიალია ძალიან მწვავე ვითარება. სამი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მხარი იმისთვისაც დაუჭირა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ დამთავრებულიყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკული აზრის დევნა, რასაც სისტემატურად აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
ბოლო დროს მედიაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის, რაც ხდება იმედში, მაესტროზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ზე შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ დაიწყო მედიაგარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა მასზე კონტროლის დასამყარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში ჩვენი ხელისუფლება ებრძვის სიტყვისთავისუფლებას ანუ დემოკრატიას.
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“, ყოველთვის ვამბობდით რომ „რუსთავი 2“ არის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია. მაგრამ „რუსთავი 2“ ხელისუფლების კონტროლს მიღმაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების, მათ შორის ტელევიზიების არსებობა. დღეს საქართველოში რუსთავი ორის გარდა არაერთი აშკარად მიკერძოებული მედიასაშუალება არსებობს, მათ შორის, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამის მიუხედავად მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა ან თუნდაც შეზღუდვის მოთხოვნა ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ“, - აცხადებენ პარტიაში.
მასალის გამოყენების პირობები






