ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, დადებითად აფასებს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება საფრთხის შემცველია და პროცესები ლეგიტიმური, სამართლებრივი ჩარჩოდან შესაძლო გასვლის ნიშნებს ატარებს.
როგორც ქარდავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება და თავისუფალი სიტყვის დაცვა პრეზიდენტისა და მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა მისი აღსრულების პოლიტიკური ნება მხოლოდ მარგველაშვილს აღმოაჩნდა.
"ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა და პირველ რიგში, სწორედ იმ კონსტიტუციის დაცვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება.
ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლებოდა ამ პირობებში ქვეყანაში მომხდარიყო, დღეს ღიად, საჯაროდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება - საქართველოს იმიჯის ხელყოფა და ყველაზე მთავარი დემოკრატიული ღირებულების, კონსტიტუციის უმთავრესი მოთხოვნის, უგულებელყოფა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი სიტყვის უფლება, რომ მედია თავისუფალია, რომ განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ხდებოდეს. ყველაფერი ეს არის იგნორირებული. ბუნებრივია, პრეზიდენტი უნდა დამდაგარიყო ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა უზრუნველეყო ის, რაზეც დადო ფიცი ქვეყნის წინაშე, ანუ დემოკრატიისა და სამართლიანობის დაცვა და კონსტიტუციის ურღვევობა," - განაცხადა ქარდავამ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის ინიციატივა, გაიაროს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და დიპკორპუსთან სიტუაციის სტაბილურ პოლიტიკურ ასპექტში დაბრუნებასა და განვითარებას ემსახურება.
"არსებობს პროცესების ლეგიტიმური, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლის საფრთხე. მთავრობას შეეძლო სიტუაციის განმუხტვა, თუმცა, მათ ამის პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდათ, რაზეც ნათლად მეტყველებს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები. მივესალმები იმ ას, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტმა გააკეთა ის რაც მას მოეთხოვება, დადგა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა. დაიწყო კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს რითიც ცდილობს პროცესები ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში დააბრუნოს. მის განცხადებაში გამოსჭვიოდა მისი პოზიცია, რომ "რუსთავი 2"-ისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე შენარჩნებულ უნდა იქნას ის სტატუს ქვო და მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც დღეს არის. მეტიც, შესაძლოა დაიწყოს განვითარება. პრეზიდენტმა თქვა, რომ უკუსვლა არ უნდა დაიწყოს და ქვეყანამ უნდა იმოძრაოს მხოლოდ წინ"- განაცხადა ქარდავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






