თბილისის მერი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრო. სხდომაზე თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა, პაატა ზაქარეიშვილი კი უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ მოხსენებით გამოვიდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ახალ ფორმებს გვთავაზობს.
" სამ მნიშვნელოვან საკითხს გაესვა ხაზი. ეს არის ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება და მასთან დაკავშირებული საკითხები, საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების წესი და პეტიციის წარდგენის წესი უშუალოდ საკრებულოში, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და მისთვის სასურველი საკითხი ან პრობლემა, რომელიც მას აწუხებს დასვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონალური და უმცირესობათა ენების ქარტიის ხელმოწერი არ არის, ეს სახელმწიფოს ხელს არ უშლის განახოციელოს ის პოლიტიკა, რასაც ქარტია გულისხმობს. მისივე განცხადებით, გარკვეულ პოზიციებში საქართველო უფრო წინ არის.
თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






