ექსპერტი ელენე ხოშტარია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, ჩაერიონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში და არ მისცენ ხელისუფლებას უკანონო გადაწყვეტილების უფლება.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, უნდა აღიკვეთოს ადამიანის მიმართ შანტაჟი და უნდა დასრულდეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლა.
„ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საჯაროობით დამარცხებულა ბნელი რეჟიმები. ამიტომ ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. მიუხედავად ამ ემოციური მომენტისა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს ემოციების აყოლის უფლება. პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ მომენტს. პირველ რიგში მე, როგორც მოქალაქე ფიზიკურად დავიცავ „რუსთავი 2“-ს და არ მივცემ უფლებას ფიქტიურ სასამართლოს აღასრულოს უკანონო ბრძანება, აღუდგები წინ ხალვაშს. მე მივმართავ პრეზიდნეტს, რომელმაც დააკლო ბევრი ძალისხმევა მისი მოვალეობის შესრულებას, რასაც დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა ჰქვია. დღეს არ არის პოლიტიკური თამაშების თუ სხვა რაიმე შეზღუდვებით მოქმედების დრო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი მოქმედება განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. მივმართავ დავით უსუფაშვილს, ასევე სასწრაფოდ ჩაერიოს ამ პროცესში და აღიკვეთოს ადმაიანის შანტაჟი, ტელეკომპანიაზე ზეწოლა და დასრულდეს ცირკი „რუსთავი 2“-ის გარშემო. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს 18:00 საათზე არ მთავრდება სამუშაო დღე. ხვალ 10:00 საათამდე დარჩენილია დრო, როცა მათ მაქისმალური რესურსი უნდა გამოიყენონ, განახორციელონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ შანტაჟის გზით ხელისუფლებამ უკანონობა ვერ მოახერხოს. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, რომ ხვალ ყველა ერთად ვიდგეთ „რუსთავი 2“-ის გარშემო“, - განაცხადა ხოშტარიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, სადაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






