
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, როდესაც ოპოზიციაში იყო მასაც ბევრჯერ მოხვედრია „კვერცხი თავში".
როგორც ხიდაშლმა ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ ოფისებზე მომხდარი თავდასხმების კომენტირებისას აღნიშნა, „დემოკრატია ის არის, როცა კვერცხი გხვდება თავში".
"თუ ადამიანი არ გადადის სისხლის სამართლის ზღვარს ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ვიღაცას ხანდახან კვერცხი თავში მოხვდება. მეც მომხვედრია. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი მანამ, სანამ ადამიანი ზის სიტყვის თავისუფლების ფარგლებში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კვერცხს რომ გესვრიან, ეს დემოკრატიის ნაწილია და უნდა აიტანო " - თქვა მინისტრმა.
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ხუთ რეგიონში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმა განხორციელდა .
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, თავდასხმებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების და გამგეობების თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები.
ისინი ცოცხებითა და კვერცხებით იყვნენ შეიარაღებულნი. ძალადობრივი აქციები მოეწყო საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, გურჯაანში, თელავში, თეთრიწყაროში, ფოთში და რუსთავში.
აქტივისტებმა ენმ-ს ოფისების კარები აჭედეს რუსთავში, თეთრიწყაროში, გურჯაანში და გორში.
მასალის გამოყენების პირობები






