თიბილოვის ინიციატიავს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ეხება, სლუცკმა კარგად განსახილველი და სამსჯელო უწოდა.
„ისტორიულად მოხდა ისე, რომ მრავალი წლის განმავლობაში ეს ხალხი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპულბიკებში ცხოვრობდა. პრინციპში, ჩვენ გვესმის ლეონიდ თიბილოვის პოზიცია, მაგრამ რეფერენდუმამდე გარკვეული პროგნოზების გაკეთებას არ ვაპირებ“ - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობა არსებული ხელშეკრულებით არის გამყარებული.
„რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს - ეს შემდეგი ნაბიჯია და ჩემი მოსაზრებით, ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ, რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ ოსეთი და რუსეთი მუდამ მოძმე ერები იყვნენ. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება“- განაცხადა სლუცკიმ და დასძინა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დიდ ეკონომიკურ და სოციალურ დახმარებას უწევს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზსა და შედეგებს, უნდა გვესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ჩვენს გარშემო არსებული გეოსტრატეგიული რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ" - აღნიშნა დეპუტატმა.
ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საერთაშორისო საკითხებში, ლეონიდ კალაშნიკოვიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებით, ცხინვალის ბენეფიტები აშკარაა, რაზეც ვერ ვიტყვით რუსეთზე.
„სამხრეთ ოსეთისთვის პლიუსები ნათელია. რუსეთისთვის კი ეს არც ისე ბევრია, და პირიქით , უფრო მეტი მინუსია როგორც დიპლომატიური, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. ამის არ გათვალისწინება კი რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია“ - აღნიშნა კალაშნიკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მეორე საკითხი და საკმაოდ რთული სათქმელია, როგორ მოიქცევა რუსეთის ხელისუფლება.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას აპირებს, რეფერენდუმის თემა ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლა იქნება. თიბილოვის თქმით, რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა. ამის შესახებ თიბილოვმა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






