"ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს. ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ - 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე, არ სცნობს საერთაშორისო სამართალი" - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ინფორმაცია, რომ თიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, თვითონ მან გაახმოვანა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა.
თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსი დეპუტატებიც. მათი აზრით, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხისთვის უფრო მეტი დადებითის მომტანია ვიდრე რუსეთისთვის, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ამ საკითხის შესწავლა საფუძვლიანად უნდა მოხდეს. რუსეთმა ყველა პლუსი და მინუსი უნდა გათვალოს, მთავარ მინუსად კი კალაშნიკოვი ამ თემაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






