ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ წაკითხული ყველა განჩინება სხვა შენობაშია დაწერილი.
ამის შესახებ უდუმაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც ურთმელიძემ განაცხადა, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის, სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი და უკვე ვიცოდი, რომ არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდებოდა. ეს განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ და რომელსაც ალბათ წაიკითხავს საბოლოო გადაწყვეტილების სახით, სულ სხვა შენობაშია დაწერილი, სულ სხვა ადამიანის მიერ. შესაბამისად, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი ომი გამოცხადებული თავისუფალი მედიის მიმართ, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალურად ურთმელიძემ თავისი დღევანდელი გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს არ ნიშნავს არაფრის დასასრულს. ეს არის ბრძოლის და ახალი ეტაპის დასაწყისი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






