"იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს კონკურსის გარეშე საქართველოს მასშტაბით დაინიშნა 27 მოსამართლე, 2012 წელს - 68 მოსამართლე, 2013 წელს - 26 მოსამართლე. საბჭოდან არ მიგვიღია ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში უკონკურსოდ დანიშნულ მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ.
მიღებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის პროცედურა ჩატარდა განსაკუთრებით შემჭიდროვებულ ვადებში, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო დაინტერესებულ მოსამართლეთა დროული ინფორმირება და მათი ჩართვა პროცესში. ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის განცხადებით პროცესის არაგონივრულად მოკლე ვადებში ჩატარების გამო ვერ მოხერხდა საბჭოში შესული განცხადებების სიღრმისეული შესწავლა. აღნიშნული გვაძლევს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ საკითხზე ვერ მოხერხდა ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად გაითვალისწინებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.
ამასთან მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის კრიტერიუმები თუ შეფასების სისტემა, ისევე როგორც არ არის რეგლამენტირებული პროცესის წარმართვის პროცედურები (მაგალითად რა ვადა უნდა მიეცეთ დაინტერესებულ მოსამართლეებს განცხადებათა წარსადგენად). შედეგად, ისეთი პროცესები როგორსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში იწვევს საზოგადოების მხრიდან შეკითხვებს და აზარალებს მართლმსაჯულების ინტერესებს.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ:
- მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც უნდა იქნეს სრულად დასაბუთებული შესაბამისი პროცესის ინიცირების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებებით;
- მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროცესის ნაჩქარევი წესით ჩატარება, რადგან აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მოსამართლის პროცესში ჩართვასა და საკითხზე ობიექტური გადაწყვტილების მიღებას;
- აუცილებელია განისაზღვროს ის მინამალური დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ მოსამართლეებს ექნებათ საშუალება მიმართონ განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამა თუ იმ სასამართლოში უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ განცხადებით."- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






