„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი კანონი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ", თუმცა შეიძლება მასში რაღაცების გამოსწორება. ეს პროექტი 600 ჰექტარზე, ძირითადად, საწარმოების მშენებლობას გულისხმობს. რადგან ჯერ არ არის დასახელებული ოპერატორი, შესაბამისად, ნაადრევია ლაპარაკი, რა საწარმოები შეიძლება აშენდეს. ფორუმზე რთული შეკითხვებიც დაისვა, მაგალითად, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, რამდენად არიან დაცული ინვესტორები საქართველოში. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ყველა შეფასება დადებითი იყო. შარშან ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები გვქონდა და წლეულსაც არანაკლებს ველოდებით... როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს, ის რაღაცაზე უნდა აისახოს. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, სერვისები და სხვა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად აუცილებელია მათი გონივრულად დაბანდება, რომლებსაც მოაქვთ ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთანავე მინისტრმა ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე და ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ქუმშიშვილის თქმით, ჩინური ინვესტიციების ზრდა სამუშაოებზე ჩინელი მუშახელის დასაქმებას არ გულისხმობს. რადგან ხელშეკრულებებში ჩადებულია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს:
„ტყიბულის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდება 200 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია, მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე კაცი, ხოლო მისი დასრულების შემდეგ - კიდევ 200. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თბოსადგური იმუშავებს ადგილობრივ ნედლეულზე. ქვეყნიდან სავალუტო გადინებები არ იქნება და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო გაიზრდება. ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. გამომდინარე აქედან, თუ სწორად მივუდგებით ამ საკითხს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ ინვესტორმა მოგება ნახოს, უნდა ნახოს. მაგალითად, "ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს უძრავი ქონების სექტორში, აქვთ სასტუმრო, ეკონომიკის სამინისტროს შენობაც მათ იყიდეს და კიდევ ერთი სასტუმრო ექნებათ, აქვთ ბანკი, ინდუსტრიული ზონა და აგროსექტორშიც აპირებენ შესვლას. მთავარია, იყოს კონკურენცია და გახსნილი ბაზარი.“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
წყარო „კვირის პალიტრა“
მასალის გამოყენების პირობები






