შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობის კლებას ქვეყანაში დემოკრატიული ხარისხის ზრდას უკავშირებს.
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოში ისეთი დემოკრატიული სივრცე შეიქმნა, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების აღარ ეშინიათ. ჩრდილიდან გამოვიდნენ. მე ამას დავუკავშირებდი ამ შედეგს. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ყველა ევროპული ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს, რათა ცალსახად და მკაფიოდ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ჩვენ უკვე ვიყავით ამ სივრცეებში, სადაც რუსეთი იყო დომინანტი, მაგრამ ვიცით, რაც მივიღეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირი მისაღები 61%-ისთვის არის, გასულ წელს კი ევროკავშირის მომხრე 78% იყო.
ევროკავშირი მიუღებელია 21%-ისთვის, 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






