უმრავლესობის დეპუტატი ივანე კიღურაძე მედიაზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს პიარზე აგებულს უწოდებს.
როგორც პლენარულ სესიაზე კიღურაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მედია და სასამართლო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც დღეს არის.
დეპუტატმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე ტელეკომპანიის დაჩაგვრას შეეცდება, ის პირველი აიმაღლებს ხმას.
თუმცა დეპუტატმა არ დამალა, რომ ტელეკომპანიის მიმართ სიმპათიით არ არის განწყობილი.
„მედიის და სასამართლოს თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ წმინდათა წმინდა პრინციპები და ჩვენ ყველა ვდგავართ ამ პრინციპების სადარაჯოზე. არასდროს მედია და სასამართლო არ ყოფილა ისე თავისუფალი, როგორც დღეს. თქვენ იცავთ თქვენ პარტიულ ტელევიზიას, ეს თქვენი პირადი საქმეა. მინდა გაგახსენოთ, რომ 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით წილები თანაბრად ჰქონდათ განაწილებული კომპანიის დამაარსებლებს ეროსი კიწმარიშვილს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს. 2004 წელს წილები პაატა ყარსანიძემ შეიძინა. ვინ არის პაატა ყარსანიძე ღმერთმა არ იცის და მან იმავე დღეს გაყიდა იგი. ამის შემდეგ აბსურდის თეატრი დაიწყო. არ დარჩენილა ოფშორულ ზონაზე არც ერთი რეალურად არსებული თუ ჩაძირული კუნძული, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭებმა არ გააფორმეს კომპანიები. შემდეგ მოხდა ამ წილების გადანაწილება ამ კომპანიებს შორის. თუ წარმოიშვება ეჭვი იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს სიცოცხე მოუსწრაფეს, ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მათ მიმართ, ვინც კიწმარიშვილს "რუსთავი 2" წაართვა“, - განაცხადა კიღურაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






