„ნიუპოსტთან“ საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქმიანობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებს.
„მინდა თქვენი გამოცემის საშუაშლებით ვუარყო, ის სპეკულაციები, რაც ჩემი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ მედიაში ვრცელდება. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მთავარი მიზეზი, რის გამოც დავტოვე „თავისუფალი დემოკრატები“ არის ის რომ მუშაობას ვაგრძელებ არასამთავრობო სექტორში. რადგან ვთვლი, რომ არასამთავრობო სექტორის საქმიანობა უნდა იყოს მიკერძოებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პოლიტიკური პარტია. არ მინდა ვიყო შეზღუდული პარტიული ჩარჩოებისგან და ისე გავაკეთო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შეფასება“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის დატოვებას სხვა ლიდერები არ გეგმავენ.
„ჩემი ინფორმაციით, არც ვიქტორ ჯაფარიძე და არც აბაშიძე პარტიის დატოვებას არ აპირებენ და ამაზე განცხადება მათი მხრიდან უკვე გაკეთდა“ - თქვა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე სთხოვა თუ არა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ზალკალიანს პარტიის რიგების დატოვება და კოალიციის დარჩენა, დიპლომატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
ზალკალიანს “თავისუფალი დემოკრატების“ საერთაშორისო მდივნის პოზიცია ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის პარტიის გამგეობის წევრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






