საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საქმის წარმოებაში მიღებას მხარი 9 მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო სააგენტოს მუშაობის შეჩერებას 5-მა მოსამართლემ მისცა ხმა, 4 კი წინააღმდეგი წავიდა.
ოპოზიციამ სარჩელი ერთი თვის წინ შეიტანა. მათი თქმით, კანონი, რომლითაც ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა არაკონსტიტუციურია და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის პრინციპს ეწინააღმდეგება.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა, რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლებიც ადგენენ ეროვნული ბანკის საბჭოს არჩევის წესს, რომელის მიხედვითაც ამ პროცესში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრების არჩევაში, მოსარჩელე აკეთებს დასკვნას, რომ სადავო ნორმები ასევე არღვევს საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას.
მასალის გამოყენების პირობები






