ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განმარტებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით მხოლოდ კომერციულ გაზზეა საუბარი. როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამ შემთხვევაში „სოკართან“ კონკურენციაზე საუბარი უადგილოა. კახი კალაძის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა.
„აქ საუბარია მხოლოდ კომერციულ გაზზე. კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წავიდეს და შემოიტანოს ბუნებრივი აირი მისთვის ხელსაყრელ ფასად“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ რიგი კომპანიების მხრიდან ამის მოთხოვნა უკვე არის.
„დღესდღეობით გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი არის სხვადასხვა. ეს ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარზე, რაც შემი აზრით ძალიან ძვირი ფასია“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რა იქნება „გაზპრომის“ ფასი, კალაძეს პასუხი არ აქვს.
„თუ იქნება მისაღები ფასი კომერციული სტრუქტურები დაინტერესდებიან. თუ არ იქნება მისაღები ფასი, გიჟი არავინ არ არის, რომ გაზი ძვირად შემოიტანოს. რაც შეეხება კითხვას, შეუქმნის თუ არა „გაზპრომი“საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს, არაადეკვატურია“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






