თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით პროკურატურაში დოკუმენტაცია გადააგზავნა.
ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
„ორი დღის წინ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ჩვენი აზრით, "სითი პარკის" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მათი საქმიანობის და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების კვლევაც დავასრულეთ და მის დამფუძნებლებს შევთავაზეთ გონივრული ცვლილებები "სითი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ველოდებით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ ამაზე. მრავალსართულიან პარკინგებს დავპირდით ქალაქს და ამასთან დაკავშირებითაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ამ კვლევაზე დაყრდნობით რამდენიმე ადგილზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები“, - აცხადებს ნარმანია.
მასალის გამოყენების პირობები






