აზრბაიჯანული გამოცემა საქსტატზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანული გაზის ფასი საქართველოსთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის შეღავათიანი ფასი, რომელსაც რუსეთს სომხეთი გაზის მიწოდებისთვის უხდის.
„ენერგეტიკის მინისტრის განცხადება ფაქტიურად საქართველოს გაზის ბაზრისთვის „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის ახალი ბრძოლის დაწყებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის 90% სოკარს უკავია, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას აზერბაიჯანის მონოპოლიას გაზის სფეროში“- აღნიშნავს გამოცემა.
haqqin.az-ი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ „გაზპრომის“ ერთერთი მსხვილი კერძო აქციონერი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომის“ აქციების 1 %-ს აკონტროლებს.
,,გაზპრომის“ შემოსვლასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ ქართველ ექსპერტებსაც. თორნიკე შარაშენიძე ენერგეტიკის მინისტრისგან არგუმენტებს ითხოვს, თუ რაში გვჭირდება რუსეთის ,,გაზპრომისგან“ გაზის მიღება, ,,მაშინ როცა რუსული გაზი აზერბაიჯანულზე უფრო იაფი არაა; გაზის დეფიციტი აშკარად არ გვაქვს; "გაზპრომზე" ვინცაა ჩამოკიდებული ყველა მისგან ჩამოხსნას ცდილობს; "გაზპრომმა" როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა მაშინ გაგვიძვირა გაზი; როცა ბაქო-თბილისი-ერზერუმის წყალობით "გაზპრომს" ჩამოვეხსენით რუსეთის კვლევითი ინსტიტუტები დანანებით წერდნენ საქართველოზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტი დავკარგეთო...“- აცხადებს შარაშენიძე.
,,ნიუპოსტთან“ საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკება პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან.
_ამას არ სჭირდება ბევრი ფიქრი. პირველი, რუსეთის ფედერაციამ ჩაატარა ძალიან დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები და თუ გახსოვთ, მე ადრეც განვაცხადე, რომ რუსეთი აფხაზეთის რკინიგზაში, რომელიც დღეს არის ჩიხი, არ დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მასში ათეულობით მილიონის ჩაყრას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს კეთდება უფრო ფართო გეგმის გამო, ჩვენი მთავრობა გვეუბნებოდა, რომ ეს ასე არ არის.
ერთი, რომ ეს ჩვენი ბოლო კოზირია აფხაზეთის დაბრუნებისთვის, ამასაც მე არაერთხელ ვუსვამდი ხაზს, ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორე ამ რკინიგზი გახსნას ჰყავს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე და ეს გახლავთ აზერბაიჯანი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებენ ყარსის რკინიგზაში და გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან კონფლიქტურ ვითარებაშია და ეს გზა გააძლიერებს სომხეთს, ბუნებრივია არსებობს ფინანსური ინტერესებიც. ზუსტად ამიტომ დაიწყო საუბრები, რომ მოხდეს აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება ,,გაზპრომით“. აზერბაიჯანი ჩვენი მთავარი მომწოდებელია და ცხადია მას ჰქონდა ბერკეტი საქართველოს მთავრობასთან, რომ ევაჭრა აფხაზეთის რკინიგზის არგახსნის საკითხით. მაგრამ, ეხლა როცა უკვე ,,გაზპრომს“ შემოიყვან, მეორე ნაბიჯი იქნება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. საუბარია, უფრო გლობალურ თამაშზე, ვიდრე ეს გაზის თემაა.
ყოფილი მინისტრი რუსული გაზის ფასზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის არ მისცემს საქართველოს იმაზე უფრო იაფად, ვიდრე ის თავის მოკავშირე ბელორუსს და სომხეთს აძლევს. მისივე თქმით, ამ ქვეყნებსაც კი 25 დოლარით მეტის გადახდა უწევს რუსეთისთვის, ვიდრე საქართველო უხდის აზერბაიჯანს.
_ჩნდება კითხვა, მაშინ როცა აზერბაიჯანი უფრო იაფად გვაძლევს გაზს, რატომ გახდა საჭიროა ,,გაზპრომის“ შემოყვანა?
_პირველი გახსლავთ ის, რომ ჩვენ ვებმევით რუსეთის ,,გაზპრომის“ მახეში იმისათვის, რომ მთავრობამ შეასრულოს თავის დაპირება, რომელიც თავის დროზე რუსეთს მისცა, საუბარია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე. მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი დაპირება, რომელიც საქართველოს მთავრობამ რუსეთს მისცა, ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის. მაგრამ ყველა ნაბიჯი აქეთ მიდის. როდესაც საუბარი იყო ცხინვალის რეგიონში საზღვრის გადმოწევაზე, ეს იყო ნიშანი, რომ რაღაც საიდუმლო მოპალარაკება არ სრულდებოდა. ამის შემდეგ, ეს რუსეთმა გააჩერა და მალევე დაჩქარებული ტემპით დაიწყო საუბრები ,,გაზპრომზე“.
საქართველო არ არის ,,გაზპრომისთვის“ ის, რითაც ან რუსეთის აშენდება და ან დაიქცევა. აქ საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანი გაწიონ და არ ჰქონდეს ბერკეტი, გავლენა მოახდინოს ამიერკავკასიაში რკინიგზის გახსნის პოლიტიკაზე. გარდა იმისა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნით ჩვენ ბოლო კოზირი გვერთმევა, ამას დამატებული, მოხდება ის, რომ გაზი გაძვირდება. ,,გაზპრომი“ ვერ მოგვცემს უფრო იაფად, ვიდრე ამას აძლევს სომხეთს ან ბელორუსს.
_არის თუ არა გასათვალისწინებელი ის ფაქტორიც, თუ რამდენად სტაბილური მომწოდებელი შეიძლება იყოს რუსეთი?
_ცხადია ეს არის არასტაბილური მომწოდებელი და ამაზეც არავინ საუბრობს. 2006 წელს, როცა გაზი შეწყდა, პუტინი გამოვიდა და თქვა, რომ ეს იყო ტერაქტი. იქნებ ვინმემ მითხრას, ვინმე დაისაჯა ან გაიხსნა ამ ტერაქტის საქმე, არ გახსნილა, რადგან ეს იყო სპეცსამსახურების გაკეთებული.
გარდა იმისა, რომ გაგვიხსნიან აფხაზეთის რკინიგზას, გარდა იმისა, რომ გავხდებით ,,გაზპრომის“ მძევალი ქვეყანა, აზერბაიჯანთან ბოლომდე ვაფუჭებთ ურთიერთობას. ნუ გვავიწყდება, რომ აზერბაიჯანი ყველაზე რთულ ვითარებაში ჩვენ გვერდში დაგვიდგა და ამავდროულად ვიღებთ გაძვირებულ გაზს.
,,ქართული ოცნები“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ მერე რა თუ ცოტა გაძვირდება გაზი. ვინ უნდა გადაიხადო? ბიუჯეტში ფული არ არის, დენის სუბსიდირებას ვერ ახდენენ და გაზისას მოახდენენ? ეს არის ეკნომიკურად სრული კატასტროფა და ეს არის პირდაპირი მიბმა აფხაზეთის რკინიგზასთან.
მასალის გამოყენების პირობები






