
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მიმართავს. საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გაზპრომის საკითხზე უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიოს.
უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება აზერბაიჯანულ გაზზე უარს უმიზეზოდ ამბობს.
„საქართველო წელიწადში მოიხმარს 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, აქედან სოკარის მილით მოგვეწოდება 1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ამ მილს აქვს პოტენციალი, რომ დღესვე მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში დაკმაყოფილდეს 1 მილიარდი კუბური მეტრით. საქართველოს მთავრობა თავისი პოლიტიკით უარს ამბობს სტაბილურ მომწოდებელთან, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე და გადადის სასაუბროდ იმ სახელმწიფოსთან, იმ კომპანიასთან, რომლებიც მუდმივად, ეკონომიკის მიუხედავად, პოლიტიკურ მიმართულებით მოქმედებენ“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასუსტებისაკენ არის მიმართული.
“გადაწყვეტილება, ყოველგვარი ეკონომიკური არგუმენტაციის, ყოველგვარი ეკონომიკური ლოგიკის გარეშე ჩაანაცვლონ აზერბაიჯანული სტაბილური და იაფი გაზი რუსული ძვირი და არასტაბილური გაზით, ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასუსტებისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილოს” - აღნიშნა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






