
გარდაბნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი გოჩა ომაიძე, აცხადებს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს.
გოჩა ომაიძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად ხელმოწერების შეგორვებაში ეხმარებოდა.
"შტატების შემცირების მიზეზით გამათავისუფლეს, მაშინ როცა მუზეუმში გარდაბნის გამგებლის სამი ახლობელი დაასაქმეს. ჩემი გათავისუფლეა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირდება" - აცხადებს ომანაძე.
გოჩა ომანაძე "ევროპელი დემოკრატების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. შესაბამისად ფაქტს გამოეხმაურა პარტიის ლიდერი პაატა დავითაია. მისი თქმით, ომანაძეს ხელმოწერების შეგროვების დროს უთვალთვალებდნენ.
"ბატონმა გოჩამ შეამჩნია, რომ უთვალთვალებდა ვერცხლისფერი "პიკაპიკის" ტიპის ჯიპი, რომლიდანაც ხდებოდა ვიდეოგადაღება.
ამის შემდეგ, როდესაც ხელმოწერების ნაწილი შეგროვებული იყო, ის როგორც ჩვეულებრივი მუშაკი და ის მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთამცოდნეობის მუზეუმში კოორდინატორად, დაიბარა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ბატონმა შუკვანმა და განუცხადა მას, რომ განხორციელდა ზარი გარდაბნის გამგებლის ბატონი ნიორაძის მხრიდან, რომელმაც დააყენა საკითხი, რომ ბატონი გოჩა ომაიძე გათავისუფლებული ყოფილიყო თანამდებობიდან იმის გამო, რომ ის ეხმარებოდა ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვებაში. ბატონმა ნიორაძემ დაიწყო პოლიტიკური დევნა, რაც ყოვლად მიუღებელია. მე აუცილებლად მივმართავ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც მუშაობს საქართველოზე და გადავუგზავნი ამ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციებში აისახოს, რომ საქართველოში დაიწყო გასაოცარი დემოკრატია, რომელიც ითვალისწინებს ხელმოწერების შეგროვების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ცალსახად ცხადყოფს, თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას ამ ხელმოწერების შეგროვების და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების. ბატონ ნიორაძეს მინდა, დავპირდე, რომ მისი ეს ქმედება იქნება გამოძიების საკითხი და მას მოუწევს პასუხების გაცემა.
ჩვენ ასევე მივმართეთ სახალხო დამცველს და ამ მიმართულებით რეაგირებას სახალხო დამცველის აპარატიც დაიწყებს რეაგირებას" - განაცხადა დავითაიამ.
ყველა ამ ბრალდებას მუზეუმის დირექტორი უარყოფს და მიღებულ გადაწყვეტილებას შტატების შემცირებას უკავშირებს.
თავად გარდაბნის გამგებელი გელა ნიორაძე გოჩა ომაიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
"ეს არის სრული სისულელე, ჩვენ არავის ვზღუდავთ, გარდაბანის რაიონი ერთადერთია რომელმაც სიმშვიდე შეინარჩუნა",- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






