თბილისის მერის მოადგილე 7-9 ოქტომბერს ირაკლი ლექვინაძე ტუნისში ფრანკოფონ (ფრანგულ ენაზე მოსაუბრე) მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეაში მონაწილეობს.
ღონისძიება ეძღვნება თემას ,,ინოვაცია, პასუხი ახალ ურბანულ გამოწვევებზე". თბილისის მერიას განსახილველად და დასაფინანსებლად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული პროექტი ,,საველე სარესტავრაციო სკოლა“ აქვს წარდგენილი. გარდა ამისა, დელეგაციამ ასამბლეაზე ლანდშაპტების ინოვაციური კომისიის წევრების თბილისში მოწვევის საკითხი დააყენა.
ასამბლეის ფარგლებში ტარდება სემინარები ურბანული ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის საკითხებზე, ასევე ქალების როლზე ინოვაციის პროცესში. განიხილება ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების და 2016 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხსაც.
ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია ამჟამად 225 ქალაქსა და ქალაქთა გაერთიანებას აერთიანებს, რომელიც ასამბლეას ყოველწლიურად მართავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ასოციაცია მუნიციპალური მოდერნიზაციის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, დაცვისა და აღდგენის, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სისტემის მიმართულების პროექტებს აფინანსებს.
ასოციაციას თბილისი 2001 წლიდან საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიცირებით და შუამდგომლობით შეუერთდა (იმავე წლიდან საქართველო გაწევრიანებულია ფრანკოფონი ქვეყნების საერთაშორისო ასოციაციაში).
მასალის გამოყენების პირობები






