შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ამ პროცესში ევროკავშირის შემდგომი დახმარების საკითხები, ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას. ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. აღინიშნა, რომ ვიზალიბელარიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარემოზე, აღინიშნა ამ პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის აუცილებლობა.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში არსებული პროგრესი და მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
იოჰანეს ჰანმა გახსნილობასთან დაკავშირებით კვირკაშვილის ინიციატივა მოიწონა და საქართველოში სასამართლოს მუშაობის გასაცნობად ევროპული დელეგაციის ჩამოსვლის წინადადებით გამოვიდა
"თქვენ დაინტერესებულები ხართ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესით. სამუშაო მიდის ძალიან კარგად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ანგარიში იქნება პოზიტიური. არის შესასრულებელი პუნქტებიც. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას და დისკურსიებს მის ირგვლივ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება. მივესალმები საქართველოს მთავრობის განსაკუთრებით ვიცე-პრემეირის ინიციატივას, გახსნილობას, რომ დაპატიჟონ ევროპული დელეგაცია საქართველოში სასამართლოს მუშაობის გასაცნობად. საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების განცობა. არჩევნების წინ ყველაფერი ნათელი უნდა იყოს," - განაცხადა ევროკომისარმა.
"საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენს მიმართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრის კომენტირებისას.
მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღიაა ამ თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის, ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას, მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა შეკითხვას, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც ერთ წელიწადში გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არცერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა,
მასალის გამოყენების პირობები






